საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia

სოციალური დაცვა

თავდაცვის სისტემის ქვაკუთხედს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი წარმოდგენს. შეიარაღებული ძალების სიძლიერესა და ბრძოლისუნარიანობას არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური მომზადება და აღჭურვა, არამედ, უპირველესად, მისი პროფესიული განათლება და სოციალური დაცვის გარანტიები, აგრეთვე შეიარაღებული ძალების მიმართ სახელმწიფოს და საზოგადოების დამოკიდებულება განსაზღვრავს.


თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალლების თანამშრომლებისთვის სოციალური მხარდაჭერის პროგრამებს ახორციელებს:

ფინანსური მხარდაჭერა

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის დღესასწაულებზე, პერიოდულად, ერთჯერადი ფულადი კომპენსაციები გაიცემა;


თავდაცვის სამინისტრო  მოქმედი სამოქალაქო და სამხედრო პერსონალისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში მძიმედ დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის უზურუნველყოფს სოციალური და სამკურნალო ხარჯების ანაზღაურებას. ამ მიზნით, სამინისტროში შექმნილია სოციალური, სამედიცინო და ფინანსური დახმარების თაობაზე შემოსული კორესპონდენციის განმხილველი კომისია, რომელიც განიხილავს შემოსულ წერილებსა და განცხადებებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს კონკრეტული სახის დახმარების გაწევის თაობაზე.

გაზრდილი ანაზღაურება

 

2013 წლის დასაწყისში, ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი 300 დოლარით გაიზარდა. აგრეთვე, სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლების 89%-ისთვის ანაზღაურება 25%-ით გაიზარდა.


კომპენსაცია


თავდაცვის სამინისტროს და პრემიერ მინისტრის ინიციატივით, საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის 100 000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება დაწესდა. გარდა ამისა, მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები 7 000 ლარიან, ხოლო ნაკლებად მძიმედ დაჭრილები-3 000 ლარიან დახმარებას იღებენ. ახალი ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები დამატებით ყოველთვიურ კომპენსაციასაც იღებენ, რომელიც 2014 წელს თვეში 500 ლარით, ხოლო 2015 წლიდან-თვეში 1000 ლარით განისაზღვრება.


დასაქმება


საქართველოს ტერიტორილი მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების მინიმუმ ერთი წევრი დასაქმებულია თავდაცვის სამინისტროში.

საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება

 

თავდაცვის სამინისტროში შექმნილია სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის კომისია, რომელმაც საცხოვრებელი ბინები კერძო საკუთრებასა თუ სამსახურებრივ სარგებლობაში გადასცა მოქალაქეთა შემდეგ კატეგორიებს:

საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში, სამხედრო სწავლებების/წვრთნების განხორციელებისას, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახები;

საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების, სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში, სამხედრო სწავლებების/წვრთნების განხორციელებისას და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ-დასახიჩრებულ სამხედრო მოსამსახურეები;

სამხედრო მოსამსახურეები, ვისაც თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე ეკუთვნოდათ საცხოვრებელი ბინებით სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემა. 

კულტურული პროგრამები


დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის პერიოდულად, დღესასწაულებზე (ახალი წელი, ბავშვთა დაცვის დღე, აგვისტოს კვირეული) სხვადასხვა გასართობი და დასასვენებელი პროგრამები ხორციელდება.

Print