საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia

ევროკავშირში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო

ევროკავშირი/საერთაშორისო ორგანიზაციები

 

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობა

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრო აღებულ ვალდებულებებს წარმატებით ახორციელებს და წვლილი შეაქვს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობის უზრუნველყოფის პროცესში.

თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ძირითადი აქცენტი კეთდება აღებული ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ კრიზისების მართვის ოპერაციებში/მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესს და შეიარაღებული ძალების გამოცდილების გაზრდას. ევროკავშირის მისიებში/ოპერაციებში ჩართულობა უზრუნველყოფილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დროს (ქ. ვილნიუსში, ლიტვა) საქართველო-ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ჩარჩო შეთანხმებით.

2014 წლის ივნისში ხელი მოეწერა და ამავე წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა  რატიფიცირება მოახდინა „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“.

თავდაცვის სამინისტროს მიერ ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით, 2015 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში აღებული იყო 8 ვალდებულება (თადაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის სტრუქტურული რეორგანიზაცია; შეიარაღებულ ძალებში ძალადობისა და ძალის მუქარის გამოყენების ყოველგვარი შესაძლო ფორმის აღმოფხვრის მიზნით სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვა-მონიტორინგი; თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ფუნქცია-მოვალეობების გადახედვა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება; გენდერული თანასწორობის სტრატეგიის შემდგომი განხორციელება; ევროკავშირის CSDP მისიებსა და ოპერაციებში, ასევე, შესაბამის წვრთნებსა და კონსულტაციებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა და მონაწილეობა; CSDP-ის აღმოსავლეთ პარტნიორობის პანელის სამოქმედო გეგმის განხორციელება; საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამუშაო გეგმის განხორციელება ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში; თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლების გადამზადება, დეპარტამენტის კონცეპტუალური ბაზის სრულყოფა) რაც სამინისტრომ წარმატებით განახორციელა.

2016 წლის თებერვალში დამტკიცდა განახლებული სამოქმედო გეგმა სადაც აისახა თავდაცვის სამინისტროს მიერ 2016 წელს აღებული ვალდებულებები (დოკუმენტში ძირითადი აქცენტები გაკეთდა დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერასა და ზოგადად სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა-მონიტორინგზე, გენდერულ საკითხზე, სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის რეფორმებზე, ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობასა და იარაღის უკანონო ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე.);

CSDP-ის ფარგლებში ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ საქართველო 2014 წლის ივნისიდან პირველად ჩაერთო ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში. ევროკავშირის მხარესთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის CSDP-ის სფეროში თანამშრომლობის 2014-16 წლების სამუშაო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ორმხრივი პარტნიორობის მიმართულებებს და მათ განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებებს.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიაში (EUFOR RCA) მონაწილეობა.

გაეროს უშიშროების საბჭოს 2134 რეზოლუციით (2014 წ. 28 იანვარი) ევროკავშირმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაიწყო სამხედრო ოპერაცია EUFOR RCA. მისიის რაოდენობა შეზღუდული იყო (დაახლოებით 750 სამხედრო მოსამსახურე), მანდატი მოიცავდა 6 თვეს და მხოლოდ ორ ტერიტორიას (დედაქალაქ ბანგის ორ უბანს და აეროპორტს). ევროკავშირის საბჭოს 2014 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, EUFOR RCA მანდატი 3 თვით, 2015 წლის მარტამდე გახანგრძლივდა, რათა მომხდარიყო მისიის მშვიდობიანად გადაცემა გაეროსთვის (MINUSCA).

მისიაში საქართველო 2014 წლის ივნისიდან ჩაერთო. თავდაპირველად გადასროლილ იქნა ერთი მსუბუქი ქვეითი ასეული (156 ს/მ) შესაბამისი ტექნიკით, რომელიც 2014 წლის დეკემბერში ჩაანაცვლა ორმა ოცეულმა (85ს/მ). დამატებით, ერთი მეკავშირე ოფიცერი 2014 წლის აპრილიდან ასრულებდა მასზე დაკისრებული მოვალეობას ევროკავშირის ოპერაციების შტაბ-ბინაში (ქ. ლარისა, საბერძნეთი). საქართველოს მისიაში მონაწილეობა 2015 წლის მარტში დაასრულა.

 

EUMAM RCA -ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მრჩეველთა მისია

2015 წლის 16 მარტს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაიწყო სამხედრო მრჩეველთა მისია (EUMAM RCA). მისიის მიზანს წარმოადგენს ცენტრალური აფრიკის ხელისუფლებისთვის დახმარების აღმოჩენა შეიარაღებული ძალების რეფორმის განხორციელების კუთხით.

მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2015 წლის 12 ოქტომბერს  ცენტრალურ აფრიკაში გადასროლილ იქნა 5 სამხედრო მოსამსახურე (სწრაფი რეაგირების ჯგუფი IRT) 6 თვიანი როტაციის წესით.  2016 წლის აპრილიდან დაგეგმილია მათი როტაცია.

მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისია (EUTM Mali)

2013 წლის 18 თებერვალს გაეროს უშიშოროების საბჭოს N2085 რეზოლუციის შესაბამისად, ევროკავშირმა დაიწყო მალის შეიარაღებული ძალების საწვრთნელი მისია (EUTM MALI). მისიის მანდატი განისაზღვრა 24 თვით. მისიას, რომელშიც მონაწილეობს 24 ქვეყანა (მათ შორის 22 ევროკავშირის წევრი) და რომლის შემადგენლობაშა 439 პერსონალია (მათ შორის 200 ინსტრუქტორი), ხელმძღვანელობს გერმანელი ბრიგადის გენერალი ხავერ პფრენგლი (Xaver Pfrengle). EUTM MALI-ს მანდატს წარმოადგენს: მალიში კონსტიტუციური და დემოკრატიული წყობის აღდგენა და ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორისტული საფრთხეების ნეიტრალიზება. წვრთნები მიმდინარეობს კულიკოროს საწვრთნელ ბაზაზე.

აღნიშნულ მისიაში  2016 წლის იანავრში 6 თვის ვადით მეკავშირე ოფიცრის თანამდებობაზე გაგზავნილ იქნა ქართველი სამხედრო მოსამსახურე. საქმნიანობის ძირითადი მიმართულებებია:ადგილზე მიმდინარე მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან (MINUSMA, SERVAL, UN OCHA, WFP, UNHAS, HCR, ICRC, UNICEF და სხვა) თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია; სამხედრო სამოქალაქო თანამშრომლობის საკითხების განხორციელება (CIMIC); მალიში ადგილზე მოქმედ აქტორებთან თანამშრომლობით ზოგადი შეფასების შემუშავება და იმ ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მისიის წარმატებით დასრულებაზე;

ევროკავშირის მრჩეველთა მისია უკრაინაში (EUAM UKRAINE)

2014 წლის 22 ივლისს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინაში სამოქალაქო სექტორის რეფორმირების მიზნით შეიქმნა ევროკავშირის მრჩეველთა მისია.  მისიის მიზანს წარმოადგენს უკრაინაში პოლიციისა და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირების ხელშეწყობა.

საქართველო EUAM Ukraine-ში 2015 წლის 1 სექტემბრიდან ჩაერთო. უკრაინაში ადამიანური რესურსების სფეროში მრჩევლის თანამდებობაზე 1 წლის ვადით მივლენილ იქნა თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი.  

საერთაშორისო ორგანიზაციები

გაერო (UN)

2015 წლიდან საქართველო მონაწილეობს ავღანეთში გაეროს მხარდაჭერის მისიაში (UNAMA), სადაც  უფროს სამხედრო მრჩევლად 2015 წლის 12 ოქტომბერს 1 წლის ვადით მივლენილ იქნა შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალი. ასევე, 2015 წლის ნოემბერში გაიგზავნა სამხედრო მოსამსახურე მისი თანაშემწის თანამდებობაზე, ხოლო 2016 წლის იანვარში - დამატებით 1 ოფიცერი სამხედრო მრჩევლის თანამდებობაზე.

 

ეუთო (OSCE)

2014 წელს ძალაში შევიდა საქართველოსა და ეუთოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი „მცირე და კონვენციური შეიარაღების და საწყობების პროგრამის შესახებ“. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში 2015 წლის იანვრიდან წარმატებით მიმდინარეობს ვადაგასული და გამოუსადეგარი საბჭოთა დროინდელი საბრძოლო მასალის დემილიტარიზაციის პროცესი, რომლის პირველი ეტაპის დასრულება ნავარაუდევია 2016 წლის მეორე კვარტალში.

დემილიტარიზაციის მეორე ეტაპის დაწყების მიზნით შესაბამისი პროექტი 2016 წლის იანვარში დიპლომატიური არხებით მიეწოდა ეუთოს მხარეს.  

სამხრეთ აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალი (SEDM)

მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნული ინიციატივა მოწოდებულია ხელი შეუწყოს უსაფრთხოებას არა მარტო რეგიონში, არამედ რეგიონის ფარგლებს გარეთ ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, როგორიცაა ნატო, გაერო და ეუთო. 2015 წლის 10 სექტემბერს საქართველო გახდა სამხრეთ აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) სრულუფლებიანი წევრი.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC)

თავდაცვის სამინისტრო და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი თანამშრომლობს  2002 წლიდან.  2014 წლის 21 მაისს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ცოდნის გავრცელებისა და ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე“.

მემორანდუმის მიზანია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების (IHL) დანერგვის, გავრცელების, განვითარების ხელშეწყობა და განხორციელება.აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დანერგვის პროცესის ინტენსიფიკაციას.

გარდა ამისა, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს 90-იან წლებში და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაუდგენელ გარდაცვლილთა იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით.

Print