საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia

ნატო-საქართველოს ურთიერთობებს საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს, როდესაც საქართველო გახდა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი  (1997წ. ჩაანაცვლა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭომ). ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო წარმოადგენს ნატოს პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის მთავარ პოლიტიკურ ფორუმს.

1994წ. საქართველოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამაში (PfP) გაწევრიანებით ნატო-საქართველოს ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა. პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამა ხელს უწყობს პარტნიორ ქვეყნებს ინდივიდუალურად განსაზღვრონ ნატოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

1996წ. შემუშავდა ნატო-საქართველოს პირველი ინდივიდუალური პარტნიორობის და თანამშრომლობის პროგრამა (ყოფილი ინდივიდუალური თანამშრომლობის პროგრამა), რომელიც წარმოადგენს თითოეული ქვეყნის ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით განსაზღვრული ღონისძიებების ნუსხას.

1996 წლიდან საქართველო აქტიურად მონაწილეობს და მასპინძლობს ნატო/პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სწავლებებსა და წვრთნებს.

ნატო-საქართველოს თანამშრომობა მნიშვნელოვნად გაღრმავდა პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა თანამშრომლობის ინსტრუმენტისა და მექანიზმის შემუშავებით, რომლის მიზანია თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება, ნატოსთან თავსებადობის გაზრდა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა.

1999 წლიდან საქართველო მონაწილეობს პარტნიორობა მშვიდობისათვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP). აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებას. ის წარმოადგენს დაგეგმვის ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც ხდება თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის პროგრესის შეფასება.  აღნიშნულ ფორმატში  ნატოს საერთაშორისო სამსახურის მიერ ხორციელდება საქართველოს მიერ პარტნიორობის მიზნებით გათვალისწინებული ვალდებულებების ყოველწლიური შეფასება. PARP არის ორწლიანი პროცესი, შესაბამისად  ორ წელიწადში ერთხელ ხდება პარტნიორობის მიზნების გადახედვა. 

2004წ. საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ნატოსთან ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა (IPAP) შეიმუშავა.

2008წ. აპრილში ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, რომელიც დადასტურდა სტრასბურგ-კელის (2009), ლისაბონის (2010) და ჩიკაგოს (2012) სამიტებზე.

2008წ. სექტემბერში დაფუძნდა ნატო-საქართველოს კომისია (NGC), რომელიც წარმოადგენს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმს და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს და მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების გზაზე.

2008წ. დეკემბერში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების  გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით,  IPAP-ის პროგრამა   ყოველწლიურმა ეროვნულმა პროგრამამ (ANP) შეცვალა. დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოსა და ალიანსს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს და ხელს უწყობს საქართველოს თავსებადობას ნატოსთან. დოკუმენტი მოიცავს როგორც კონკრეტულ ვალდებულებებს,  ასევე ზოგად ღონისძიებებს,  რომლებიც უნდა განხორციელდეს ერთი წლის განმავლობაში და ეყრდნობა ნატოს რეკომენდაციებსა და  საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებს.  დოკუმენტის შეფასება ხდება ყოველწლიურად ნატოს საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენლების მიერ.

2010წ. აგვისტოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით შემუშავდა თანამშრომლობის ახალი ინსტრუმენტი ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის სამუშაო გეგმა (MC+GEO Work Plan), რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გადაიხედება. აღნიშნული თანამშრომლობის გეგმა განსაზღვრავს ნატო-საქართველოს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მთავარ ამოცანებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს. დოკუმენტი მოიცავს იმ ღონისძიებებს, რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს ყოველწლიური ეროვნული პროგრამით და დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესით აღებული ვალდებულებების შესრულებას.

2004 წელს ნატომ დააარსა მეკავშირე ოფიცრის პოზიცია სამხერთ კავკასიაში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროში), რომელიც თბილისიდან კოორდინაციას უწევდა ალიანსის თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან. მოგვიანებით 2010 წელს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა ნატოს სამეკავშირეო ოფისი (NLO), რომლის მთავარი ამოცანაა საქართველოში მიმდინარე რეფორმების და ნატოში საქართველოს გაწევრიანების ხელშეწყობა.

2010წ. საჩხერის სამთო მომზადების სკოლას მიენიჭა ნატო/პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (NATO/PfP) სამთო მომზადებისა და განათლების ცენტრის სტატუსი. 2011 წლიდან სკოლა ატარებს ზამთრის და ზაფხულის საბაზისო და შუალედურ სამთო მომზადების  საერთაშორისო კურსებს, სადაც მონაწილეობას იღებენ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები. 

2011 წლის  დეკემბერში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველო მოხსენიებულ იქნა როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა.

2013 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეუერთდა ნატოს შეკავშირებული ძალების ინიციატივას (CFI) ნატოსთან თავსებადობის ამაღლების მიზნით.

2015 წლიდან საქართველოს ერთი ქვეითი ასეული ჩაერთვება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. 2014 წლის ზაფხულში აღნიშნულმა ასეულმა წარმატებით გაიარა ნატოს შეფასება და ამ ეტაპზე გადის სერთიფიცირების პროცესს. საქართველომ  ასევე გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს NRF 15-ის შემდოგ პერიოდშიც.

2014 წლის 11-12 თებერვალს ნატოს სამხედრო კომიტეტი - ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო-  პირველად ეწვია საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში  კომიტეტს  შესაძლებლობა მიეცა ადგილზე გაცნობოდა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, რაც პოზიტიურად იქნა შეფასებული. ქართულმა მხარემ კომიტეტის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებაში  შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის შექება დაიმსახურა.

2014 წლის 4-5 სექტემბერს გაერთიანებულ სამეფოში გაიმართა ნატოს სამიტი. სამიტზე ალიანსის წევრმა ქვეყნებმა საქართველო ასპირანტ ქვეყნებს შორის ნატოსთან ყველაზე თავსებად პარტნიორად (most interoperable partner) აღიარეს და სხვა ოთხ პარტნიორ ქვეყანასთან (შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია, იორდანია) ერთად „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების“ (Enhanced Opportunity Partner’s Group )ჯგუფში მიიწვიეს.

 

სამიტის ფარგლებში საქართველომ მიიღო ნატოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტი (Substantial NATO-Georgia Package), რომელიც განამტკიცებს ქვეყნის უსაფრთხოებას, გააძლიერებს თავდაცვისუნარიანობას და კიდევ უფრო აამაღლებს ნატოსთან თავსებადობას. ახალი ინიციატივის თანახმად, ნატო უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი საქართველოში, საქართველო უფრო მეტად ინტეგრირებული ალიანსში და მეტად დაახლოებული ნატოში გაწევრიანების მიზანთან.

 

ნატოს პროგრამები

საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ნატოსთან სხვადახვა პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია თავდაცვის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და თავდაცვის ინსტიტუტების განვითარება, რომლებზეც ხორციელდება სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლი.

2009 წელს დაიწყო  თავდაცვის განვითარების პროგრამა (DEEP), რომელიც მიზნად ისახავს  საქართველოს თავდაცვის სფეროს განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამა ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო და საწვრთნელი დაწესებულებების  განვითარებას, საწვრთნელი პროგრამების შემუშავების და გამოცდილების გაზიარებას ფაკულტეტების შემდგომი დახვეწის მიზნით. პროგრამის ფარგლებში  ხორციელდება სხვადასხვა  სწავლება, კურსი, გაცნობითი  შეხვედრა, მობილური საწვრთნელი ჯგუფების ვიზიტები  და სემინარები. ამჟამად პროგრამა ფოკუსირებულია ეროვნული თავდაცვის აკადემიის განვითარებაზე.

2009 წელს ნატოს ეგიდით დაიწყო  პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP), რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული პირების პროფესიულ განვითარებას. თავდაპირველად ყურადღება გამახვილებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კურსები განკუთვნილია სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისთვის  და ხორციელდება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს უსაფრთხოების სექტორში  უწყებათაშორისი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებას.

პროგრამით გათვალისწინებული ტრეინინგები მოიცავს შემდეგ საკითხებს: ინგლისური ენა, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება, საზოგადოებასთან ურთიერთობა, უსაფრთხოების სექტორის მენეჯმენტი, საჯარო სამსახურის რეფორმა, ადამიანური რესურსების მართვა, მართვის უნარები,  იურიდიული საკითხები, ანალიტიკური უნარები,  შესყიდვები, თავდაცვის ეროვნული აკადემიის ფაკულტეტების განვითარება და პროფესიული განვითარების ცენტრის (PDC) ფუნქციონირების გაუმჯობესება.

 საქართველო მონაწილეობს ნატოს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების ინიციატივაში (Building Integrity (BI) Initiative) და აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და საწვრთნელ პროგრამაში. 2013 წელს საქართველომ გადაწყვიტა შეევსო ზემოხსენებული ინიციატივის თვითშეფასების კითხვარი და  ჩართულიყო BI პროგრამაში. პროგრამის მიზანია თავდაცვის სექტორში გამჭირვალეობის და  ანგარიშვალდებულების ამაღლება და კორუფციის რისკის შემცირება. ქართული მხარის მიერ შევსებულ თვითშეფასების კითხვარზე და ნატოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ  თბილისში ჩატარებული ინტერვიუების ანალიზზე  დაყრდნობით, ნატოს ჯგუფმა შეიმუშავა შეფასების დოკუმენტი (Peer Review Report). ნატოს ექსპერტთა რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მზად არის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში არსებული საუკეთესო პრაქტიკა (best practices) გაუზიაროს პარტნიორ ქვეყნებს ნატოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფორმატების მეშვეობით. ამისათვის თავდაცვის სამინისტროში ჩამოყალიბდა თავდაცვის აღმშენებლობის ჯგუფი. ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის თვითშეფასების ექსპერტთა საბჭოს ანგარიშზე დაყრდნობით თავდაცვის სამინისტრომ ასევე შეიმუშავა და დაამტკიცა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კეთილსინდისიერების ამაღლების სამოქმედო გეგმა  2014-2015.“ დოკუმენტი დეტალურად აღწერს თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებს და განსახორციელებელ ღონისძიებებს.

საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოსთან (NSPA – NATO Support Agency) (ყოფილი ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტო, NAMSA) 2002 წლიდან. სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარლებში უკვე წარმატებით განხორციელდა პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის სამი პროექტი- ”საქართველო I”, ”საქართველო II” და “საქართველო III”. 2013 წელს ოფიციალურად გამოცხადდა ახალი პროექტის “საქართველო IV” დაწყება, რომელიც ითვალისწინებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ სკრის ყოფილი სამხედრო საცავის დასუფთავებასა და EOD ასეულის საერთაშორისო განაღმვის სტანდარტების მე-3 და მე-4 დონეებზე გაწვრთნას. 2014 წლის მარტში ხელი მოეწერა საიმპლემენტაციო შეთანხმებას საქართველოსა და ნატოს უზრუნველყოფის ორგანიზაციას  შორის ასაფეთქებელი მასალებისგან (EOD) დაბინძურებული სკრის ყოფილი სამხედრო საცავის და მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავების, ასევე EOD შესაძლებლობების განვითარების  პროექტის შესახებ. 2014 წლის ოქტომბერში გაიმართა პროექტის „საქართველო IV” ოფიციალურად გახსნის ცერემონია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი პროექტის განხორციელება.

2012 წელს საქართველო მიუერთდა ნატოს გონივრული თავდაცვის (Smart Defence) ინიციატივას.  ამ ეტაპზე ქართული მხარე  მონაწილეობს ნატოს გონივრული თავდაცვის ინიციატივის ხუთ საერთაშორისო პროექტში[1] და სხვა პროექტებში  ჩართვასთან დაკავშირებით აწარმოებს მოლაპარაკებებს ალიანსის წევრ ქვეყნებთან.

 

 ----------------------------------------------------------

[1] 1. მრავალეროვნული სამხედრო-საჰაერო მფრინავების საწვრთნელი ცენტრის პროექტი თურქეთის  ხელმძღვანელობით; 2. მრავალეროვნული საზღვაო ცენტრის პროექტი-თურქეთის ხელმძღვანელობით; 3. ქალი ლიდერები უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში ბულგარეთის ხელმძღვანელობით; 4. ინდივიდუალური სწავლების და განათლების პროგრამის ჩამოყალიბება გაერთიანებული ტრანსფორმაციის სარდლობის ხელმძღვანელობით; 5. ინფრასტრუქტურის სამხედრო-საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება რუმინეთის ხელმძღვანელობით.

 

Print