საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
26 ივლისი 2016

თავდაცვის მინისტრმა უწყების წარმომადგენლებს სახელფასო ბარათი ARMY CARD გადასცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა პროექტ ARMY CARD-ში ჩართულ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს ახალი სახელფასო ბარათები -  ARMY CARD  გადასცა. ბარათები პირველ ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ბრიგადის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლებს დაურიგდათ. უახლოეს პერიოდში ARMY CARD უწყების ყველა წარმომადგენლისთვის დამზადდება.

ვაზიანში გამართულ ღონისძიებას  პროექტ ARMY CARD-ის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.თავდაცვის მინისტრმა პროექტში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებრივი აქტიურობისთვის თითოეულ მათგანს პერსონალური მადლობა გადაუხადა.

ARMY CARD სამხედრო მოსამსახურეებს ეტაპობრივად დაურიგდებათ. თავდაცვის სამინისტროს, „საქართველოს ბანკსა“ და კერძო კომპანიებს შორის თანამშრომლობის შედეგად თავდაცვის უწყების წარმომადგენლები  და მათი ოჯახის წევრები ათობით კომპანიაში მნიშვნელოვანი შეღავათით ისარგებლებენ.

სამხედროებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეთავაზება აქვს  შავი ზღვის უნივერსიტეტს. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადებით,  თავდაცვის უწყების თანამშრომლების შვილებს საშუალება ექნებათ, საბაკალავრო პროგრამაზე დაწესებული სწავლის საფასურის მხოლოდ 50% გადაიხადონ. საინტერესო შეთავაზებები აქვთ პროექტში მონაწილე სხვა კომპანიებსაც.

„ეს პროექტი სამინისტროში ჩემი მოსვლისთანავე დავიწყეთ. ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს „საქართველოს ბანკთან“, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი. სურვილის  შემთხვევაში,  საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის  ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეიძლება. ჩვენ მივმართეთ ყველას, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გვერდით დადგომოდნენ შეიარაღებულ ძალებს, მათ ოჯახებს, განსაკუთრებით კი დაჭრილი, დაშავებული და გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებს. მათზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც გუშინ, დღეს, ხვალ ჩვენი ქვეყნისა და შვილების უკეთესი მომავლისთვის საკუთარ სიცოცხლეს წირავენ. უკვე 26 კომპანია მონაწილეობს ამ პროექტში და ყველა მათგანს დიდი მადლობა უნდა ვუთხრა. ვფიქრობ, ნებისმიერი კომპანიისთვის საამაყო უნდა იყოს, თუ მათ კარზე იქნება სტიკერი, რომელიც ჩვენ დავამზადეთ და რომელსაც ჰქვია „მადლობა ერთგულებისთვის“ - შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნის ერთგულებისთვის.  ნატოს წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ნახავთ კომპანიებს, რომელსაც აწერია - აქ გმირები მსახურობენ. ეს არის სოლიდარობა, რომელსაც საზოგადოება სამხედროების მიმართ იჩენს. მინდა, მივმართო ყველას, ვინც ჯერ არ არის პროექტში ჩართული, თუნდაც მცირე წვლილი გაიღოს იმისთვის, რომ ბრძოლის ველზე მყოფმა სამხედრო მოსამსახურემ იცოდეს, რომ მისი ოჯახი დაცულია“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

„მადლობა სამსახურისთვის“ და „მადლობა ერთგულებისთვის“ - ეს პროექტ ARMY CARD-ის მთავარი გზავნილებია. პროექტის მთავარი მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ  საზოგადოების დანარჩენი ნაწილის მხრიდან  მეტი ყურადღების გამოხატვაა.

ARMY CARD-ის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, სააფთიაქო ქსელში, ბენზინგასამართ სადგურზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლონ.  პროექტის იდეა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, იგი საქართველოს ბანკის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.

ARMY CARD სადებეტო პლასტიკური ბარათია. ბარათით შესაძლებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა. ბარათით გადახდისას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და მათი მეუღლეები (ყოველი გადახდისას მომხმარებელს გარკვეული თანხა ე.წ. Cash Back-ის სახით უკან დაუბრუნდება) წინასწარ შერჩეულ და მუდმივად განახლებად სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ARMY CARD ექსკლუზიურად სამხედრო თემატიკაზე შეიქმნა და უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. ბარათის მოქმედების ვადა 4 წელია და ის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და მათ მეუღლეებს უფასოდ გადაეცემათ. დაგეგმილია პროექტ ARMY JUNIOR-ის განხორციელებაც. ბარათი თავდაცვის უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის დამზადდება და მის მფლობელებს თემატურ საგანმანათლებლო და გასართობ დაწესებულებებში შეღავათიანი პირობებით სარგებლობა შეეძლებათ.

Print