საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
22 ივლისი 2016

სამთო ინსტრუქტორების ტექნიკური კურსი გდდ-ს მოსამსახურეებს

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების მიერ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეებისთვის სამთო მომზადების ზაფხულის ტექნიკური კურსი დასრულდა. კურსის გამოშვების ცერემონიალი სტეფანწმინდას მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუთაში მდებარე ბანაკ „ზეთაში“, ზღვის დონიდან 2250 მეტრ სიმაღლეზე გაიმართა.

მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მინდია ლორთქიფანიძემ მიულოცეს. მათ კურსდამთავრებულებს საჩხერის სკოლის სერტიფიკატები გადასცეს და სამთო ინსტრუქტორებს სწავლების ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

სამთო მომზადების ზაფხულის ტექნიკური კურსი სტეფანწმინდას მუნიციპალიტეტში მდებარე ჭაოხის მასივში ათი დრის განმავლობაში გაგრძელდა. სამთო ინსტრუქტორებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 29 მოსამსახურეს სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები, საევაკუაციო საშუალებების, წერაყინისა და წრიაპების გამოყენების ტექნიკა, ასევე ყინულზე გადაადგილების ტექნიკა ჩაბმაში და წერტილების გამოყვანა შეასწავლეს. მოსამსახურეებს სპეციალური სისტემების მეშვეობით (MouFlag) ნაპრალში ჩავარდნილის ამოყვანა და ბუნებრივ კლდეზე მუშაობაც მოუწიათ.

სამთო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით  საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეებს სამთო მომზადების პირველი ტექნიკური კურსი ზამთარში, დაბა გუდაურში ჩაუტარეს. სამთო ინსტრუქტორების მიერ ასევე, იგეგმება  მესამე სამთო ტექნიკური კურსის ჩატარება ზღვის დონიდან 5000 მეტრზე და მყინვარწვერის დალაშქვრა. 

Print