საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
27 ივლისი 2016

თავდაცვის მინისტრის გამოსვლა „ამბასადორიალი 2016“-ზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის - „ამბასადორიალი 2016“-ის  სამუშაო სესიაზე მომხსენებლის სტატუსით წარსდგა.

კონფერენციის მეორე დღე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას დაეთმო.

 „ჩემი პანელის ერთ-ერთი ამოცანაა, ვისაუბროთ ვარშავის სამიტის შედეგებზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ელჩს, მათ გარეშე შეუძლებელი იყო რამე წარმატებაზე გვესაუბრა. შემდეგ სამიტს სულ რამდენიმე თვე გვაშორებს და ამიტომ იმ ტიპის სამუშაოები, რომელიც  ჩვენ შარშან დავიწყეთ ვარშავის სამიტისთვის, უკვე დასაწყებია“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა სესიის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ვარშავის სამიტის მნიშვნელობასა და მის შედეგებზე. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის კუთხით სამიტი წარმატებული იყო და არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით საქართველო ვარშავიდან მაქსიმალური შედეგით დაბრუნდა. თავდაცვის მინისტრმა შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცესები წარმატებით და გართულებების გარეშე გაგრძელდება.

„ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის ორმხრივი მემორანდუმი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმდა. გასულ კვირას ჩვენ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დავასრულეთ. ამ პროგრამის ფარგლებში შემდეგი სამი წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უკლებლივ ყველა დანაყოფი გადამზადდება ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისთვის და არა მისიებისთვის, როგორც ეს აქამდე ხდებოდა“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლის დროს თავდაცვის მინისტრმა.

 ამბასადორიალი სამუშაო სესიებით გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებს, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. სესიებზე მომხსენებლის სტატუსით, მოწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ამბასადორიალში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები მონაწილეობენ.

წელს პირველად, ამბასადორიალის ფარგლებში გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებთან. ელჩების შეხვედრა ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და ეკონომიკური დიპლომატიის შესახებ სამუშაო სესია  საქართველოს ტექნოლოგიური პარკში გაიმართება. ელჩებისთვის საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ასევე სპეციალურ პრეზენტაციას გამართავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ამბასადორიალი 29 ივლისს დასრულდება.

Print